გადმოცემულია მუ'ააზ იბნ ჯაბალისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: «მე ერთ მოგზაურობაში ვიყავი ალლაჰის მოციქულთან ერთად (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), ერთ დღეს დილით, როდესაც მასთან ახლოს ვიყავი და ჩვენ ვაგრძელებდით სვლას: ვუთხარი: "ო, ალლაჰის მოციქულო, მითხარი საქმე, რომელიც სამოთხეში შემიყვანს და ჯოჯოხეთისგან დამაშორებს". მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «შენ დიდ საქმეზე შემეკითხე, თუმცა ეს ადვილია მათთვის, ვისაც ალლაჰი ამ საქმეს გაუმარტივებს, ეთაყვანე ალლაჰს და არავინ გაუთანაბრო მას, სწორად შეასრულე ლოცვა, გაეცი ზაქათი, იმარხე რამადანი და ჰაჯობა ალლაჰის სახლში». შემდეგ მან თქვა: «გსურს, გაჩვენო სიკეთის კარები?» მე ვუპასუხე: "დიახ, ო ალლაჰის შუამავალო". ბრძანა: «მარხვა არის ფარი. ქველმოქმედება აქრობს ცოდვებს, როგორც წყალი აქრობს ცეცხლს და ღამის ლოცვაც (სიკეთის კარებს მიეკუთვნება)». შემდეგ წაიკითხა აიათები: {ისინი საწოლებიდან წამოდგებიან...} სიტყვებამდე: ...რასაც აკეთებდნენ}. შემდეგ თქვა: «გინდა გაგაცნო რელიგიის საფუძველი, მისი საყრდენი და მწვერვალი?» მე ვუპასუხე: "დიახ, ო ალლაჰის შუამავალო". მან თქვა: «საქმის საფუძველი არის ისლამი, მისი საყრდენი - ლოცვა და მწვერვალი - ჯიჰადი». შემდეგ მან თქვა: «გინდა გითხრა ამ ყველაფრის არსი?» მე ვუპასუხე: "დიახ, ო ალლაჰის მოციქულო". მან თავისი ენა თითებით დაიჭირა და თქვა: «აი, ეს დაიცავი». მე ვკითხე: "ო, ალლაჰის შუამავალო, ნუთუ იმ სიტყვებზე, რასაც ვამბობთ, პასუხს ვაგებთ?" მან თქვა: «დედაშენმა დაგკარგოს შენ ო მუ'აზ! ნუთუ ადამიანებს თავით ან ცხვირით ჯოჯოხეთში ჩაყრიან სხვა რამის გამო, გარდა იმისა რაც მათმა ენამ დათესა?»